Tuesday, October 15, 2019

ბაქოში ჩაღწეულები :)



   პირობა რომელიც შარშან საკუთარ თავს მივეცი, რომ დაბადების დღეს მოგზაურობში გავატარებდი, შევასრულეთქო და აჟიტირებული ვიყავი  წასვლის წინაა დღეები, თუმცა  ტურის დაჯავშნა და წასვლის დაგეგმვაც ერთი ისტორია იყო. მოკლედ ჯერ ხან ვინ უნდა წამოსულიყო  ჩემთან ერთად და ხან ვინ, საბოლოოდ ზოგს რა უშლიდა ხელს ზოგს რა, თამუნას თავისი გეგმების ჩაშლამ და აქეთ ჩემს გეგმებში დამთხვევამ ძალზედ გამახარა, ნათიაც აგვყვა და ასე შევიკრიბეთ სამი წამსვლელი ბაქოში. ჩემი „საყვარელი“ ტურისტული კომპანია რომლის იმედად მივდიოდით და ასე მოლოდინით ვიყავით, ბოლო კვირას გვითხრა რომ ტური ვერ შედგა და სასწრაფოდ ალტერნატიული გზა უნდა გვეპოვნა და ასე სასწრაფოდ ნაპოვნი ტურით დაიგეგმა ჩვენი წასვალა.

    წასვლის წინ მეგობრებთან საუბრით განტვირთული მივადექი ორთაჭალის სადგურს, ანიკომ გამომაცილა, თამუნაც მოვიდა ამასობაში დაგვიანებით, რომელსაც წამოსვლისას ჩემი ზურგჩანთა რომელიც ვანდე :) დარჩა და უკან მიბრუნება მოუხდა თურმე და როგორც ყოველთვის „ზუზუნებდა“ ამის გამო J. ნათიაც ჩამოვიდა მატარებლით და ყველა წამსვლელი რომ შევიკრიბეთ საყვარელი აქცენტით მოლაპარაკე გიდთან - სერჰანთან თუ შერჰანთან (რომლის სახელიც ვერა და ვერ დავიმახსოვრე და შევარქვი სულხანი, თამუნამ კი თარხანი :) ერთად დავადექით წითელი ხიდისკენ გზას.  აქ დაიწყო ამბებიი...  ვიფიქრე ხომ არ გმოვტოვო-მეთქი, მგრამ არა. საზღვარზე მისულებმა ჩამოვცალეთ ავტობუსი და ჩავდექით რიგში, ჯერ მაგაზე ვიკინკლავეთ ვინ გასულიყო პირველი :), არავის უნდოდა ბოლო დარჩენა და დამატებითი პარკის წამოღება, რომელშიც გემრიელობები ეწყო, თამუნას დედამ რომ გამოაყოლა (ნუ რომელიც ძირითადად მე შევჭამე :). ჩვენ კი გადავედით საზღვარს მალე და სადღაც ღამის პირველი-ორისკენ უკვე აზებაიჯანის ჰაერს ვსუნთქავდით, მაგრამ ავტობუსი აყოვნებდა და ამ დაყოვნებამ დილის ექვს-შვიდ საათამდე გასტანა . და რას ვაკეთებდით მანამდე? - რას და ხის ჩამისაჯდომ სკამებზე ვისხედით, შემდეგ იქვე შიგადაშიგ დავიძინეთ, ცოტა ციოდა კიდეც, ხალხი მიდი-მოდიოდა ჩვენი ჯგუფი კი დილამდე უცვლელად ვამაგრებდით ადგილს. გარკვევ-გამორკვევაში, დარეკვა-ჩამორეკვაში გაჩნდა უამრავი ვერსია, რომ თითქოს მოგვატყუეს და არც გადმოვიდოდა ავტობუსი და ნაწილი უკან დაბრუნებას ვარაუდობდა, ნაწილი ამბობდა რომ სხვა გამომვლელს უნდა გავყოლოდით ბაქოში და ა.შ. ორგანიზატორისგან დალაგებული პასუხი ვერ მივიღეთ, გარდა იმისა რომ ავტობუსს საბჟო აყოვნებდა შემოწმების გამო და თვითონ არაფერი შეეძლო. ითქვა ისიც რომ კორუფცია იყო გამეფებული და საჭირო ზომები იყო მისაღები და მოკლედ მძიმედ გავათენეთ აზებაიჯანის ცაზე ის ღამე და საბოლოდ რა მოხდა და რა იყო არავის აინტერესებდა როცა ავტობუსი გამოჩნდა :). ჯგუფში შერეული ხალხი მოდიოდა, მეგობრები, წყვილები, ოჯახები, რათქმაუნდა ყველა თავისებური ხასიათით, ზოგიც პრეტენზიებით დახუნძლული და ა.შ. კიდევ რამდენიმე საათი ვიმგზავრეთ ბაქომდე, საოცრად უსახური ადგილები გავიარეთ, არც დასახლება, არც ბუნება და ასე პირდაპირ მაგისტრალიდან ქალაქში შევედით და სასტუმროს მივადექით. ასე ჩავაღწიეთ ბაქოში :).
    პირველი დღის ექსკურსია ხუთ საათზე სასტუმროს წინ შეკრებით დაიწყო, მოლში შევიარეთ, კვების ობიექტსაც იქვე ვესტუმრეთ და შემდეგ შიდა მატარებლით, ე.წ. კუკუშკით გავისეირნეთ ბულვარში და იქიდან საბაგიროთი ავედით ფუნიკულიორზე, საიდანაც ძალიან ლამაზი პანორამული ხედი იშლება და ღამის ბაქოთი შეგიძლია დატკბე (ქარი რომ არ გიშლიდეს ხელს), განსაკუთრებით აღსანშნავია ფლამ თაუერი, ცეცხლის ალის ფორმის სამი შენობა, რომელიც სადაც არ წავედით ყველა მხრიდან ჩანდა:), რომელშიც როგორც გვითხრეს სასტუმრო, ბიზნეს ცენრტრები და საცხოვრებელი კორპუსებია განთავსებული, აქვე არის ყარაბაღში დაღუპულთა დიდების ხეივანი და მის წინა მხარეს კი მინი მეჯლისის შენობა (პარლამენტი).
  ჩემდა გასაკვირად მომსახურე პერსონალი სასტუმროში იქნებოდა, მაღაზიებში თუ რესტორანში გამონაკლისების გარდა, არ ფლობდნენ არც ინგლისურს და არც რუსულს (კითხვა მიჩნდება, ჩვენთნ რატომ ითხოვენ მომსახურების სფეროში მინიმუმ ორი ენის ცოდნას???) , მართალია მე არც ერთი ვიცი და არც მეორე, მაგრამ თამუნას იმედად ვიყავით :), თუ რამე მას ვუშვებდით ფრონტის წინა ხაზზე და რაც კი ინგლისურ/რუსული იცოდა მაქსიმალურად დავხარჯეთ/გამოვაყენებინეთ:), თუმცა ამასთან დაკავშირებით უამრავი კურიოზული სიტუაციაც კი შეიქმნა (ისე ქუჩაში ვინმეს რამეს რომ კითხავთ და რამეს გაიგებთ მაგის იმედად არ უნდა დარაჩეთ :)). პირველი ეფექტი ქალაქში გასვლისას რაც თვალში გხვდება ეს არის თანამედროვე არქიტექტურა, მოწესრიგებული შენობები (დანგრეული შენობა არ მინახავს),  საოცარი სისუფთავე ქუჩებში, მოპირკეთებული მიწიქვეშა გადასასვლელი, ფართო გზები, მოწესრიგებული მოძრაობა და არანაირი საცობი. 
     საუზმის შემდეგ მეორე დღის ექსკურსია დაიწყო ისევ დილით სასტუმოსთან შეკრებით და ჩვენი ავტობუსუთ წავედით ჰეიდარ ალიევის ცენტრში (მუზეუმი), რომელიც არის 57 519 კვადრატული მეტრის კომპლექსი. შექმნილია ერაყელ-ბრიტანელი არქიტექტორის ზაჰა ჰადიდის მიერ, რომელიც ჰეიდარ ალიევის ხელმოწერის ფორმისაა და გამორჩეულია თავისი განსხვავებული არქიტექტურით. ცენტრი ატარებს ჰეიდარ ალიევის სახელს (სხვათაშორის მის სახელს ატარებს იქ ბევრი რამ :), კულტია ერთგვარი). 2014 წელს მიიღო ჯილდო Design of the Year და აღიარებულ იქნა მსოფლიოში საუკეთესო შენობად. ცენტრი არის გაყოფილი 2 ნაწილად: 1-ლი ნაწილი - საგამოფენო დარბაზები, სადაც გამოფენილია თანამედროვე ხელოვნების სკულპტურები, შენობების მაკეტები, სახალხო მუსიკალური ინსტრუმენტები, ცვილის თოჯინები და ა.შ. ჩვენს იქ ყოფნას დაემთხვა ზურაბ წერეთლის გამოფენა, რომელიც პირადად მე განსაკუთრებით მომეწონა.  მე-2 ნაწილი - კლასიკური მანქანების შეუფასებელი გამოფენა - ჰეიდარ ალიევის საკოლექციო მანქანების მუზეუმი. თანამდეროვე არქიტექტურასთან ერთად იმდენად ინოვაციური სტილის მუზეუმები აქვთ, რომ იზიდავს ტურისტებს და საინტერესოს ხდის ერთი შეხედვით ჩვეულებრივ რამესაც კი.

     შემდეგ წავედით ძველ ქალაქში (იჩერ შეჰირი), რომელსაც ქალაქ ბაქოს ისტორიულ გულს ეძახიან. 2000 წლის დეკემბერში იგი, როგორც ბაქოს უძველესი ნაწილი, რომელიც მოიცავს შირვანშაჰების სასახლესა და ქალწულის კოშკს, გახდა პირველი ობიექტი მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ქალწულის კოშკი ან ყიზყალასი არის XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი. ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა (სიმაღლე 28 მ, კედლების სისქე საძირკველთან 5 მ, შიგნით დანაწევრებულია 8 იარუსად). თავდაპირველად იგი ზღვის პირას იყო აგებული, ახლა კი მასსა და ზღვას შორის პროსპექტი და ხეივანი მდებარეობს. ქალწულის კოშკიდან ფეხით ავუყევით ძველი ბაქოს უბანს, რომლის ქვაფენილები და არქიტექტურა რაღაცნაირად წააგავდა ძველ თბილისს. გავიარეთ ის ადგილის სადაც მოხდა ცნობილი ფილმის “Брилиантовая рука”-ს ერთ-ერთი სცენის გადარეღება „Чёрт побери:). გზად სუვენირებიც შევიძინეთ და მეჩეთშიც შევიხედეთ, შიგნით შესვლა თავისუფლად რატომ არ შეიძლებოდა ჩემთვის გაუგებარი დარჩა (და სხვათაშორის არცისე ბევრი მეჩეთი იყო ბაქოში). შემდგომ ვიყავით მინიატურული წიგნების მუზეუმში - რომელშიც გამოფენილია 5000 ექსპონატი. მუზეუმში ასევე არის 25-ე სტენდზე -  ქართულ მინიატურული წიგნების კუთხე. მართლაც რომ საინტერესო და ამავდროულად გასაოცარია. შემდგომ დავათვალიერთ შირვანშაჰების სასახლე ბაქოში, შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების ძეგლი. სასახლის კომპლექსი აშენდა XIII—XVI საუკუნეების პერიოდში. სასახლის მეორე მხრეს პატარა აუზი იყო ოქრისფერი თევზებით, სადაც სურვილები ჩავიფიქრეთ და მონეტები გადავუშვით:). იქვე აბანოები იყო, რომლებიც ასევე რაღაცნაირად გავდა თბილისის აბანოებს.  სასახლის მშენებლობა უკავშირდებოდა შირვანშაჰების სახელმწიფოს დედაქალაქის გადატანას ბაქოდან შამახიში, 1964 წელს სასახლის კომპლექსი გამოცხადდა მუზეუმ-ნაკრძალად და სახელმწიფო დაცვის ქვეშ იყო აყვანილი და  როგორვ უკვე ვახსენეთ ზემოთ 2000 წლიდან ქალწულის კოშკთან ერთად, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. 
     
     ძველი ბაქოს ქუჩაზე ყუარდღებას მიიქცევს აუცილებლად ძალიან ორიგინალური ფასადი, საიდანაც შედიხართ ოთახში სადაც ცხოვრობს მხატვარი ალი შამსი, მართალია მე პირველად გავიგე მისი სახლი და არც მის შემოქმედებას ვიცნობდი მაგრამ ჯგუფში აღმოცნდა ერთი ქალბატონი რომელი თურმე გიჟდებოდა მის შემოქმედებაზე და მის სიხარულს საზღვარი არ ქონდა როცა იქ აღმოვჩნდით, მისი ემოცია მგონი ყველა გადაედო და მართლაც როგორც მისის საცხოვრებელი იყო უცნაური და განსხვავებული ასევ მისი შემოქმედებაც რაღაც სხვანაირი იყო. თვითონაც მოვიდა და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ, თურმე ფეხშიშველი დადის, არვიცი რას უკავშირდება  ეს ყველაფერი, მაინტერესებდა მაგრამ არც „გუგლმა“ მომაწოდა რაიმე ინფორმაცია მასზე.  მგონო ფიროსმანს ადარებდა თავს თუ რაღაც მსგავსი. მოკლედ მისი სახლის შესასვლელი ფასადი რომ ნახოთ მარტო ის არის ერთი ხელოვნების ნიმუში. 

    ინფორმაციულად დატვირთული დღის ბოლოსკენ გავედით  ნიზამის ქუჩაზე, აქვე აღმართულია ნიზამი განჯევის ძეგლი, როელიც არის აზებაიჯანელი პოეტი (გიდის განმარტებას ვციტირებ: „როგორც თქვენთვის არის შოთა რუსთაველი, ისე არის ნიზამი აზებაიჯანლებისთვისო“). ნიზამის ქუჩაზე ჯერ რესტორანში ნაციონალური კერძი „საჯი“ დავაგემოვნეთ (უნდა აღვნიშნო რომ მომეწონა) და აქ კიდევ მომსახურე პერსონალის ყურადღებამ გაოცებული დაგვტოვა, ბოლოს შეფასების ფურცელი რომ მოგვიტანა ზოგო მადლობას ვუწერდით და ზოგიც გულებს ვუხატავდით :).  დესერტისთვის ნაცნობ მაგდონალდს მივაშურეთ ნაყინისთვის და შემდგომ მაღაზიებშიც შევიარეთ და სამახსოვრო რაღაცეები ვიყიდეთ. საღამოს სასტუმროში დასვენების შემდეგ გვქონდა მცდელობა ფეხით გაგვესეირნა სასტუმროს მიმდებარედ, მაგრამ არცისე უსაფრთხო გვეჩვენა ეს იდეა და დავბრუნდით ნომერში, იმ ღამეს ბევრი ვიცინეთ და ბედნიერად დაღლილებმა დავიძინეთ.
     მესამე დღეს დილით ადრე წამოვახტუნე გოგოები საუზმეზე არ დაგვაგვიანდესთქო, შემდგომი რიტუალი გარეთ ეზოში ჩაის დალევით გრძელდებოდა. თამუნა ყავას ითხოვდა, მე და ნათია კი ჩაის გეახლებოდით, რომელიც უფასო იყო ყავისგან განსხვავებით:). მესამე დღის ექსკურსია ხალიჩების მუზეუმით დაიწყო, ძალიან საინტერესო, ეფექტური და ფერადი სანახაობა იყო. აქ ასევე ყველაზე უძველესი ხალიჩაც იყო განთავსებული. ბაქო, რომელიც ზაფხულში მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა ხშირად არის ქარი, როლიც ერთგვარად გიცავს შემაწუხებელი სიცხისგნ. მესამე დღეს ნაკლები ქარი და მეტი სიცხე იყო, თუმცა ეს ხელს გვაძლევდა რადგან, ქარიან ამინდში ვენეციური გონდოლებით ვერ გავისეირნებდით და ყველაზე ლამაზ სანახაობას და სიამოვნებას გამოვტოვებდით, ასე რომ გაგვიმართლა ქარი რომ ჩადგა და გავისეირნეთ ვენეციური გონდოლებით, რომელიც იმდენად კარგი იყო დრო რომ გვქონოდა მეორე "კრუგზეც" დავჯდებოდით ალბათ. შემდგომ ფეხით გავიარეთ ბულვარი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აქ საოცრად იცავენ სისუფთავეს და ეს ერთგვარი პატივისცემის გამოხატულებაა ქვეყნის, გარემო და ადამიანების მიმართ. სადგურში ჩავედით სადაც 500 კაციანი გემით უნდა გვესეირნა ორმოცი წუთი კასპიის ზღვაში. შავ ზღვასთან შედარებით კასპიის ზღვა ისეთი მშვიდი ჩანდა, რომ ვერც აღვიქვი თუ ზღვის სანაპიროზე ვიყავი. გემზე ასავლელად რიგში მოვყევით, ტრადიციულად შეფუთული მამკაცების წინ აღმოვჩნდით გემზე და გასეირნებაც დიდად ეფექტური ვერ გამოდგა. ექსტრემალური შეგრძნება არ ჰქონდა, ასე ვთქვათ საერთოდ თუ მოძრაობდა ამხელა კონსტრუქცია იმასაც ვერ იგრძნობდი :).
     ამის შემდეგ მოლში შევიარეთ, მარკეტიდან  ჩაი წამოვზიდეთ :) და დავადექით განჯისკენ გზას. უზარმაზარი გემთსაშენი ქარხანა გამოვიარეთ გზად და ვსაუბრობდით ნანახზე და იმაზე თუ რამხელა განვითარებას მიაღწია ერთ დროს ჩვენსავით საბჭოთა ქალაქმა ნავთობის წყალობით. როგორც ამბობდნენ მოსახლეობისთვის კომუნალური გადასახადები დაბალია, ნავთობი უფასოდ აქვთ, საშუალო ხელფასი 600-700 მანათია და როგორც ერთი შეხედვით ჩანს დასაქმებაც არ უნადა იყოს რთული. არვიცი აკლიმატიზაციის გამო იყო თუ რა, მუდმივად წყურვილის შეგრძნება მქონდა, წყალი ცოტა პრობლემას წარმოადგენს იქ. ერთი რაც გამიკვირდა, მარკეტები არ არის ჩვენსავით ყოველ ნაბიჯზე, მაგრამ საერთო რაც დავინახე ის იყო რომ ადგილების მიხედვით იცვლებოდა წყლის ფასი :), პრესტიჟულ ადგილებში რათქმაუნდა უფრო ძვირი იყო, ამაში კი დაგვემსგავსნენ :).
     გვიანი ღამე იყო განჯაში რომ შევედით, ღამით მართლაც ლამაზი იყო განჯის პარკი, სადაც აღმართული იყო პარიზის ტრიუმფალური თაღი. პარკი გრძელი იყო როგორც ჩანდა, მაგრამ ბევრი არ გვივლია დაღლილებს, სუფთა ჰაერზე ჩამოვჯექით განვიტვირთეთ, სურათები გადავიღეთ და წამოვედით საზღვრისკენ. ადვილად გადმოვედით და სასაცილი ის იყო რომ ავტობუსი ჩვენზე წინ იყო გადმოსული და ახლა ჩვენ გველოდებოდა :). მოკლედ  მშრალად ასე გამოიყურებოდა სამდღიანი ტური ბაქოში, მშრალად იმიტომ რომ ემოციებს ყოველთვის ჩემთვის ვიტოვებ, ეს ინდივიდუალური შეგრძნებაა და თქვენ ფოტოებით შეგიძლიათ შეაფასოთ. სასიამოვნოდ დაღლილი ჩამოვედი და მადლობა ჩემს გოგოებს თამუნას და ნათიას,  რომ  ერთად გამოვიარეთ ეს და კიდევ ბევრი ისეთ რამ, რაც აქ არ დამიწერია და რასაც ჩვენთვის შევინახავ <3.
P.S.   #ბევრი_მოგზაურობა_აჩუქეთ_საკუთარ_თავს
          #ბევრი_ბედნიერი_წუთები_დააგროვეთ_ცხოვრებაში
           #მოგზაურობა_ნამდვილად_აბედნიერებს 
  დაათვალიერთ, ისიამოვნეთ და იმოგზაურეთ ბაქოში:




























No comments:

Post a Comment